• .

  • 14 Sep, 2022

ტომა გუნზიგის "ჩემ გარდა არავინ მომკვდარა" (სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი)

ტომა გუნზიგი პოპულარული ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი და ლიტერატურული გადაცემების წამყვანია, რომლის სავიზიტო ბარათი შავი იუმორი გახლავთ.
რთული ბავშვობის შედეგ, როდესაც მის მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ მათ შვილს არაფრის ნიჭი გააჩნია და წერა-კითხვის უნარიც დაქვეითებული აქვს, იგი პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომს აიღებს და პირველი წიგნის (ნოველების კრებულის) გამოქვეყნებისთანავე ლიტერატურული სამყაროს და მკითხველების ყურადღებას იქცევს.
ტომა გუნზიგი ათი წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიაში მუშაობდა, დღეს ლიტერატურის პედაგოგია ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელში; ლიტერატურული რადიოგადაცემის და სატელევიზიო გადაცემის წამყვანი, საღამოს გაზეთის ლიტერატურული რუბრიკის ჟურნალისტი და, რაც მთავარია, ბელგიელების საყვარელი მწერალია.
2008 წელს ტომა გუნზიგმა მოინდომა საკუთარ ნოველების კრებულზე საავტორო უფლებები დაებრუნებინა, გამომცემელი კი არ თმობდა. საქმე სასამართლომდე უნდა მისულიყო. მაშინ, სასამართლო ხარჯების აცილების მიზნით, მან გამომცემელს შესთავაზა, საკითხი ორთაბრძოლით გადაეწყვიტათ და კარატეში ყავისფერი ქამრის მფლობელმა მწერალმა დუელში გამოიწვია ტეკვანდოში წითელი ქამრის მფლობელი გამომცემელი! ეს უკანასკნელი დათანხმდა. ბრძოლა გაიმართა 6 მარტს, ბრიუსელის წიგნის ბაზრობაზე და მწერლის გამარჯვებით დამთავრდა. ამგვარად, მან თავის ნოველების კრებულზე უფლებები დაიბრუნა.
დღეისთვის ტომა გუნზიგი რვა რომანის, ათამდე ნოველების კრებულის, სამი საბავშვო წიგნის, ექვსი პიესის, ერთი სცენარისა და ერთი კომიქსის ავტორია. თავისი ნამუშევრებისთვის მიღებული აქვს სამი ლიტერატურული პრემია 2001, 2003 და 2009 წლებში.
კრებულში „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“ შესული ნოველები სახალისო წასაკითხია, თუმცა კი ისეთ მძიმე თემებს ეხება, როგორიცაა ომი, რასიზმი, სადო-მაზოხიზმი, წამება, სიმარტოვე...
აქ გაიცნობთ სამ წყალწაღებულ მეგობარს, რომელთაც ერთმანეთიც სძულთ და მთელი სამყაროც. ჰოდა, შურისძიების მიზნით, გადაწყვეტენ, დიდ მაღაზიაში ბომბი ააფეთქონ. მაგრამ როდესაც ყველაფერში წყალწაღებული ხარ, ნუთუ შესაძლებელია, რომ ბომბის დამზადება გამოგივიდეს?
აქ შეხვდებით პატარა ბიჭს ჩვილით ხელში, რომელიც მიწისქვეშა საფარში ემალება მტრის თვითმფრინავებს... აფრიკაში სანადიროდ წასულ მეგობრებს, რომელთაც მობეზრდებათ ერთი და იგივე ცხოველების ხოცვა და სხვა გასართობს იპოვიან; ყინულოვანი პოლუსის მეტეოროლოგიურ სადგურზე სამ ძაღლთან ერთად ჩარჩენილ მუშაკს, რომელიც მთავარ ბაზასთან კონტაქტს კარგავს და ადამიანის ხმის გაგონების იმედით უკიდეგანო თეთრი სივრცის გადასერვას იწყებს.
ეს ნოველები აღწერენ მძიმე, პირქუშ, დამთრგუნველ, უიმედო სამყაროს, რომელიც ადამიანს გარს არტყია და მხოლოდ მწერლის შავი იუმორის წყალობით ხდება მათი წაკითხვა არათუ შესაძლებელი, სასაცილოც კი. ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ რას გულისხმობს კრებულის სათაური „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“. იქნებ, მწერალმა საკუთარი კალმის გამოყენებით თვითთერაპიას მიმართა? საკუთარი შიშებისა და ფანტაზმებისგან რომ განთავისუფლებულიყო? ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: თუკი ვინმეს აკრიტიკებს, თუკი ვინმეს სარკეში ჩახედვას აიძულებს, თუკი ვინმეს საქციელს დასცინის - პირველ რიგში, ეს საკუთარი თავია... ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ მწერალიც ჩვეულებრივი ადამიანია, სწორედ ისეთი როგორებიც ჩვენ, მისი მკითხველები ვართ.
საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, საოცარი ოსტატობით შემოთავაზებული შავი იუმორი, რომლითაც ეს ნოველებია გაჯერებული, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ქართველ მკითხველს.
წიგნი გამოიცა ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში გამომცემლობა აგორას მიერ (მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი), რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.