ალექსანდრე დიუმა

ალექსანდრე დიუმა

  • 1802-1870

ალექსანდრე დიუმა რომლის სახელიც ლიტერატურის ისტორიაში დიუმა-მამად არის დამკვიდრებული, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგი მწერალია. იგი არის მარი-ლუიზ ლაბურესა და ჰაიტური წარმოშობის, გენერალ დიუმად წოდებული ტომა ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრის ვაჟი, და ამასთანავე, ორი ფრანგი მწერლის - ანრი ბოერისა და ალექსანდრე დიუმა-შვილის - მამა. ალექსანდრე დიუმა ოთხი წლის იყო, როცა მამით დაობლდა. ალექსანდრე და მისი და ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. სიღარიბისგან და დამცირებებისგან თავის დასაღწევად, 1822 წელს ალექსანდრე დიუმა, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ 53 ფრანკი უდევს, ტოვებს ვიერს და პარიზს მიემგზავრება. თავდაპირველად პატარ-პატარა სამუშაოებით ირჩენს თავს. 1825 წელს მისთვის პირველი აღიარება მოაქვს ვოდევილს „ნადირობა და სიყვარული“. მალე მისი პიესა კომედი-ფრანსეზშიც იდგმება დიდი წარმატებით. ამავე პერიოდში, პიესებთან ერთად, დიუმა იწყებს ისტორიული რომანების წერას. 1842 წელს დიუმა პირველად აქვეყნებს რომანს გაგრძელებებით გაზეთ „პრესაში“ და ხვდება, რომ მიაგნო შემოსავლის წყაროს. 1844-1850 წლებში იგი ოთხ გაზეთთან თანამშრომლობს, შეუსვენებლად წერს და აქვეყნებს დღეს ყველასთვის ცნობილ რომანებს. 1846 წელს, ალექსანდრე დიუმა საკუთარ თეატრს აშენებს, სადაც თავის პიესებთან ერთად დგამს შექსპირის, გოეთეს, შილერის და სხვა ავტორთა პიესებს. სწორედ ამ თეატრში დადგა მან პირველად თავისი პიესა „მეზონ-რუჟის კავალერი“, სადაც გაჟღერდა „ჟირონდენთა სიმღერა“ - ეს სიმღერა მოგვიანებით, მეორე რესპუბლიკის დროს, საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნად იქცა. 1953 წელს აარსებს გაზეთ „მუშკეტერს“, შემდეგ - გაზეთ „მონტე-კრისტოს“. იგი ბევრს მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და მოგზაურობის ჩანაწერებს თავის გაზეთებში აქვეყნებს გაგრძელებებით. სწორედ ამ პერიოდში, რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ, მას რუსეთის მეფე თავის ქვეყანაში მოგზაურობის ნებას რთავს. დიუმა მხატვარ ჟან-პიერ მუანესთან და რუსეთის მიერ მიმაგრებულ მთარგმნელთან (რომელიც სინამდვილეში რუსეთის მეფის ჯაშუშია) მოგზაურობას იწყებს და შედეგადაც მკითხველებს ორ დიდტანიან წიგნს უტოვებს: „რუსეთში“ და „კავკასია“. ამ უკანასკნელის სრული ქართული თარგმანი პირველად გამოსცა გამომცემლობა აგორამ 2009 წელს, ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის 150 წლისთავზე. 1866-1867 წლებში ალექსანდრე დიუმა წერს თავის ცნობილ წიგნს „სამზარეულოს დიდ ლექსიკონს“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნდება. 2002 წელს ალექსანდრე დიუმას ნეშტი ვიე-კოტრედან პარიზის პანთეონში გადაასვენეს, რითაც საფრანგეთმა ამ ბუმბერაზი მწერლის მიმართ თავისი პატივისცემა გამოხატა. პანთეონიზაციის ცერემონიაზე მიწვეული იყო ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც კი ალექსანდრე დიუმამ იმოგზაურა, საქართველოდან - პოეტი და მთარგმნელი, ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, გიორგი ეკიზაშვილი. ალექსანდრე დიუმას კალამს ეკუთვნის 72 პიესა, 10 პოეზიის კრებული, 44 ზღაპარი და ნოველა, 80 რომანი, 20-მდე თარგმანი და თეატრალური ადაპტაცია, ასევე მოგზაურობის ჩანაწერები“, ბიოგრაფიები, ისტორიული ესეები, ჩანაწერები თეატრსა და მსახიობებზე, ქრონიკები, მემუარები. ჰოფმანის ზრაპრის „მაკნატუნა და თაგვების მეფის“ სწორედ დიუმასეული ვერსიის მიხედვით დაწერა ჩაიკოვსკიმ ბალეტი „მაკნატუნა“. 1909 წლიდან მოყოლებული, დიუმას ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია სამოცზე მეტი სრულმეტრაჟიანი და სატელევიზიო ფილმი.