კრისტიან გე-პოლიკენის რომანის „თოვლის ტყვეების“ შესახებ
კრისტიან გე-პოლიკენი
თოვლის ტყვეები
რომანი, ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა
გამომცემლობა აგორა მადლობას უხდის კანადის ხელოვნების საბჭოს თანადგომისთვის.
„თოვლი უზენაესად გაბატონდა. პეიზაჟი დაიპყრო, მთები გასრისა. ხეებმა ქედი მოიდრიკეს, მიწისკენ გადაიკეცნენ, თავი დახარეს. მხოლოდ დიდი ნაძვები არ თანხმდებიან დანებებას. დგანან ჯიუტად, წელში გამართულები, და შავად იკვეთებიან. აქ სოფელი მთავრდება და ტყე იწყება.“
კრისტიან გე-პოლიკენი თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალია. იგი 1982 წელს დაიბადა კვებეკში, სენტ-არმანში. განათლება მიიღო ლიტერატურის დარგში მონრეალში, კვებეკის უნივერსიტეტში. პირველი რომანი მან 2015 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო მკითხველთა და კრიტიკოსთა ყურადღება.
„თოვლის ტყვეები“ მისი მეორე რომანია, იგი 2016 წელს გამოიცა და ერთბაშად მრავალი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, არა მარტო პროფესიონალებისგან, არამედ მოყვარულთა კლუბებისგან, ბიბლიოთეკებისგან და მოსწავლეებისგან - გენერალ-გუბერნატორის პრემია, სამი კვებეკური ლიტერატურული ჯილდო და სხვ.. რომანი ათზე მეტ ენაზე ითარგმნა. მწერალმა მას შემდეგ კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა, რომლებმაც მისი შემოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადეს. თუმცა ყველა წიგნს ძარღვებად გასდევს სამი ხაზი - თავის გადარჩენისთვის ბრძოლა, მოლოდინი (უკეთესის? უარესის?) და ადამიანური ურთიერთობები.
რომანში „თოვლის ტყვეები“ მოქმედება ხდება კანადის ჩრდილოეთის მთიან სოფელში, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვისა და განუწყვეტელი თოვლის შედეგად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება. გზები ჩაკეთილია, სხვა დასახლებულ პუნქტებთან კომუნიკაცია გაწყვეტილია, მომავალი გაურკვეველია. მოსახლეობა იძულებულია გაზაფხულს და თოვლის დადნობას დაელოდოს, რატა კომუნიკაცია აღადგინოს სხვა სოფლებთან და ქალაქთან, ხოლო მანამდე, როგორმე თავის გადარჩენა უნდა შეძლოს იმ პირობებში, როგორშიც მოექცა. ეს ლოდინი აქ პასიური მდგომარეობა კი არ არის, არამედ მძიმე ფსიქოლოგიური გამოცდილება, რომელსაც ადამიანები უკიდურესობამდე მიჰყავს.
ამ ჩაკეტილ სივრცეში განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს ადამიანური ბუნება: ურთიერთობები ირღვევა ან პირიქით — იშვიათი სოლიდარობის ფორმებს იღებს. ზოგისთვის სასოწარკვეთილება დამანგრეველ ქმედებებად გარდაისახება, სხვებისთვის კი გადარჩენა ერთადერთი ამოცანაა, რომელიც ნებისმიერ საშუალებას ამართლებს.
მკითხველს უჩნდება შეგრძნება, რომ ამ ჩაკეტილ სოფელში დრო შენელდა, იწელება, და თითქოს არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ თოვლის იმატებს, მაგრამ სწორედ ამ არაფერში, ამ დამთრგუნველ უძრაობაში გროვდება დაძაბულობა და ხდება ყველაფერი. აი, ასეთ პირობებში იწყებენ ადამიანები ერთმანეთის ნამდვილი სახის გაცნობას და სწავლობენ ურთიერთობას.
ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ამ რომანში მთავარია პოეზია, ბუნება, მარტოობა, საზოგადოება, სიმძიმე... ეს სიმძიმე არა მხოლოდ ფიზიკურია, არამედ ეგზისტენციალურიც — ბუნების ზეწოლა თანდათან ადამიანურ ფსიქიკაშიც იჭრება.
„წყლის წვეთები მარგალიტის მძივებივით გორდებიან ლავგარდანზე და ყინულის ლოლუების წვეტებს უერთდებიან. როცა მზე გამოანათებს, ალესილი დანის პირებივით ელვარებენ. დროდადრო, რომელიმე მათგანი წყდება, ვარდება და თოვლში ეფლობა. დანის დარტყმასავით, უკიდეგანო სივრცეში. მაგრამ თოვლი უძლეველია. მალე ჩემი ფანჯრის ქვედა ჩარჩომდე მოაღწევს. შემდეგ უფრო ზემოთ ამოვა და მერე ვეღარაფერს დავინახავ.“
რომანში, თითქოს ჰიპნოზურად, მკითხველის თვალწინ იშლება თოვლით დაფარული სოფელი, სადაც იშვიათად გამოჩენილი ადამიანები მიტოვებული სახლების სახურავების, სარკმლებისა და საკვამურების სიმაღლეზე დადიან. შუა ზამთარში რამდენიმე დღით დათბობის და თოვლის ზედა ფენის გადნობის შემდეგ ისევ სუსხი აჭერს. ყინულის აპკივით ეკვრება ყველაფერს - სახურავებს, ტყეს, ტბას -, და მინასა და კრისტალში სვამს გარემოს, სანამ ყინულს ისევ თოვლი დაფარავს. ქარბუქი მძვინვარებს, ატაცებული თოვლის ბოლქვებს ატრიალებს, კედლებს უბრაგუნებს, საკვამურებში ძვრება, ფანჯრებზე აბრახუნებს, ღრიალებს და ყოველ ცოცხალს დუჟმომდგარი ჩაყლაპვას უპირებს. დროდადრო ამ შემაძრწუნებელ, სახიფათო, დაუნდობელ სილამაზეს ლაჟვარდოვანი ცის კამარის ქვეშ გაჩახჩახებული, თოვლის თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აელვარებული, გარინდებული, თვალწარმტაცი პეიზაჟი ცვლის.
„კარნიზიდან ჩამოზიდული ლოლუები დეკორაციას შვეულ ზოლებად ყოფს. კარგი ამინდია, თოვლი ცის ლაჟვარდს ირეკლავს. ნაძვების წიწვები ყინვისგან გაშეშებულან. რამდენიმე გზააბნეული ფანტელი ცასა და დედამიწას შორის დახეტიალობს. არ ვიცი, საიდან მოდიან. ალბათ სუსტმა ქარმა მოიტანა და არ უნდათ, რომ ოდესმე მიწაზე დაეშვან. მეტეორებივით, რომლებიც გვერდით ჩაუქროლებენ ხოლმე დედამიწას და ჩამოვარდნას არ აპირებენ.“