• თამარ ხოსრუაშვილი

  • 06 Feb, 2026

კრისტიან გე-პოლიკენის რომანის „თოვლის ტყვეების“ შესახებ

„თოვლი გაბატონდა. პეიზაჟი დაიპყრო, მთები გასრისა. ხეებმა ქედი მოიდრიკეს, მიწისკენ გადაიკეცნენ, თავი დახარეს. მხოლოდ დიდი ნაძვები არ თანხმდებიან დანებებას. დგანან ჯიუტად, წელში გამართულები, და შავად იკვეთებიან. აქ სოფელი მთავრდება და ტყე იწყება.“

კრისტიან გე-პოლიკენი თანამედროვე კანადელი ფრანგულენოვანი მწერალია. იგი 1982 წელს დაიბადა კვებეკში, სენტ-არმანში. განათლება მიიღო ლიტერატურის დარგში მონრეალში, კვებეკის უნივერსიტეტში. პირველი რომანი მან 2015 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მიიპყრო მკითხველთა და კრიტიკოსთა ყურადღება.

თოვლის ტყვეები“ მისი მეორე რომანია, იგი 2016 წელს გამოიცა და ერთბაშად მრავალი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა, არა მარტო პროფესიონალებისგან, არამედ მოყვარულთა კლუბებისგან, ბიბლიოთეკებისგან და მოსწავლეებისგან — გენერალ-გუბერნატორის პრემია, სამი კვებეკური ლიტერატურული ჯილდო და სხვ.. რომანი ათზე მეტ ენაზე ითარგმნა. მწერალმა მას შემდეგ კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა, რომლებმაც მისი შემოქმედება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადეს. თუმცა ყველა წიგნს ძარღვებად გასდევს სამი ხაზი — თავის გადარჩენისთვის ბრძოლა, მოლოდინი (უკეთესის? უარესის?) და ადამიანური ურთიერთობები.

რომანში „თოვლის ტყვეები“ მოქმედება ხდება კანადის ჩრდილოეთის მთიან სოფელში, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვისა და უხვთოვლიანობის შედეგად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. გზები ჩაკეტილია, სხვა დასახლებულ პუნქტებთან კავშირი გაწყვეტილია, მომავალი გაურკვეველია. მოსახლეობა იძულებულია გაზაფხულს და თოვლის დადნობას დაელოდოს, რათა კომუნიკაცია აღადგინოს სხვა სოფლებთან და ქალაქთან, ხოლო მანამდე, როგორმე თავის გადარჩენა უნდა შეძლოს იმ პირობებში, როგორშიც მოექცა. და ეს ლოდინი წიგნში პასიური მდგომარეობა კი არ არის, არამედ მძიმე ფსიქოლოგიური გამოცდილება, რომელსაც ადამიანები უკიდურესობამდე მიჰყავს.

ამ ჩაკეტილ სივრცეში განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს ადამიანური ბუნება: ურთიერთობები ირღვევა ან პირიქითიშვიათი სოლიდარობის ფორმებს იღებს. ზოგისთვის სასოწარკვეთილება დამანგრეველ ქმედებებად გარდაისახება, ზოგისთვის გადარჩენა ერთადერთი მიაზნია, რომელიც ნებისმიერ საშუალებას ამართლებს.

მკითხველს უჩნდება შეგრძნება, რომ სოფელში დრო შენელდა, იწელება, და თითქოს არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ თოვლის იმატებს, მაგრამ სწორედ ამ არაფერში, ამ დამთრგუნველ უძრაობაში გროვდება დაძაბულობა და ხდება ყველაფერი. აი, ასეთ პირობებში იწყებენ ადამიანები ერთმანეთის ნამდვილი სახის გაცნობას და სწავლობენ ურთიერთობას.

ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ამ რომანში მთავარია პოეზია, ბუნება, მარტოობა, საზოგადოება, სიმძიმე...

„წყლის წვეთები მარგალიტის მძივებივით გორდებიან ლავგარდანზე და ყინულის ლოლუების წვეტებს უერთდებიან. როცა მზე გამოანათებს, ალესილი დანის პირებივით ელვარებენ. დროდადრო, რომელიმე მათგანი წყდება, ვარდება და თოვლში ეფლობა. დანის დარტყმასავით, უკიდეგანო სივრცეში. მაგრამ თოვლი უძლეველია. მალე ჩემი ფანჯრის ქვედა ჩარჩომდე მოაღწევს. შემდეგ უფრო ზემოთ ამოვა და მერე ვეღარაფერს დავინახავ.“

რომანში, თითქოს ჰიპნოზურად, მკითხველის თვალწინ იშლება თოვლით დაფარული სოფელი, სადაც იშვიათად გამოჩენილი ადამიანები მიტოვებული სახლების სახურავების, სარკმლებისა და საკვამურების სიმაღლეზე დადიან. შუა ზამთარში რამდენიმე დღით დათბობის და თოვლის ზედა ფენის გადნობის შემდეგ ისევ სუსხი აჭერს. ყინული აპკივით ეკვრის ყველაფერს — სახურავებს, ტყეს, ტბას —, და მინასა და კრისტალში სვამს გარემოს, სანამ ყინულს ისევ თოვლი დაფარავს. ხშირად ქარბუქი მძვინვარებს, ატაცებული თოვლის ბოლქვებს ატრიალებს, კედლებს უბრაგუნებს, საკვამურებში ძვრება, ფანჯრებზე აბრახუნებს, ღრიალებს და ყოველ ცოცხალს დუჟმომდგარი ჩაყლაპვას უპირებს. დროდადრო ამ შემაძრწუნებელ, სახიფათო, დაუნდობელ  სილამაზეს ლაჟვარდოვანი ცის კამარის ქვეშ გაჩახჩახებული, თოვლის თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აელვარებული, გარინდებული, თვალწარმტაცი პეიზაჟი ცვლის.

კარნიზიდან ჩამოზიდული ლოლუები დეკორაციას შვეულ ზოლებად ყოფს. კარგი ამინდია, თოვლი ცის ლაჟვარდს ირეკლავს. ნაძვების წიწვები ყინვისგან გაშეშებულან. რამდენიმე გზააბნეული ფანტელი ცასა და დედამიწას შორის დახეტიალობს. არ ვიცი, საიდან მოდიან. ალბათ სუსტმა ქარმა მოიტანა და არ უნდათ, რომ ოდესმე მიწაზე დაეშვან. მეტეორებივით, რომლებიც გვერდით ჩაუქროლებენ ხოლმე დედამიწას და ჩამოვარდნას არ აპირებენ.“

როცა ელექტრობის გათიშვამ ტექნოლოგიური სამყარო გააუქმა, სატელეფონო კომუნიკაციები გაწყვიტა, ხოლო გზების ჩაკეტვამ სურსათის, საწვავის და მედიკამენტების მარაგის ამოწურვა გამოიწვია, ადამიანები ბუნების პირისპირ დარჩნენ. არის სოფელი, ტყე და იმის ცოდნა, რომ ტყის იქით სანაპიროა. და ჩნდება კითხვა: ვინ არის ბატონი — ადამიანი თუ ბუნება? შეუძლია ადამიანს, რომ გამძვინვარებულ სტიქიას დაუპირისპირდეს? რის ფასად?

„არ უნდა გავჩერდე, უნდა ავდგე. თითქმის მივედი. მოძრაობას ვიწყებ. იდაყვებზე დაყრდნობილი მივხოხავ, ვიგრიხები და ჩემს თავს თოვლზე მივათრევ. ცოტათი წინ წავიწიე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიძირები. თითქოს მიწისქვეშა ზვირთმა წამიღო. ყინულოვანმა.
მოძრაობები უფრო და უფრო მინელდება. ხელები მთლიანად დამიბუჟდა. […] ქარბუქი ღრიალებს. თითქოს ერთი სული აქვს, როდის დამფარავს, მკლავებში მომიქცევს, ზედ დამაწვება. პირზე ნერწყვი ადგება ჩემი ჩაყლაპვის მოლოდინში.
ვიკუნტები, რომ სითბო შევინარჩუნო. მეც ისეთი ვარ, როგორიც ყველა. არ შემიძლია, საკუთარი სიკვდილის შესაძლებლობა დავუშვა. მეშინია.
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, თუმცა სუნთქვა მიხშირდება.
აქ ვერ დავრჩები. უნდა წავიდე.
თოვლმა ბასრი კრისტალებისგან დამზადებული საწოლი გამიშალა.
უნდა ავდგე, მაგრამ სუსხი მბორკავს.
უარს ვამბობ ასეთ დასასრულზე, არ მინდა მოკუნტული, სახით თოვლში ჩარგული მოვკვდე.
ისევ ვიკრებ ძალ-ღონეს და ზურგზე ვბრუნდები, ხელებს ვშლი, ხელისგულებს ცისკენ ვატრიალებ.
ჩემ გარშემო სიბნელე დაძრწის.
ღამეს შიმშილით კბილები უკაწკაწებს. ხორცისმჭამელი ფიფქები ზედ მასხდებიან.“

რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი მარტოობის თემაა. „მარტოობა ადამიანური არსებობის პირობაა, — გვეუბნება ავტორი, - მარტოობა საშუალებას გვაძლევს ადამიანის სულში შევაღწიოთ.“ რომანის ორი მთავარი პერსონაჟის შეხვედრა ორი მარტოობის შეჯახებაა. ხოლო ინდივიდუალური მარტოობების სიმრავლეში იკვეთება საზოგადოების არსებობის არსი: ადამიანები არსებობენ ერთმანეთის მეშვეობით. წიგნში აღწერილი საერთო უბედურება ნაწილობრივ ანგრევს საზოგადოებას, რომელსაც საყრდენები ფეხქვეშ ეშლება, უნდობლობაში იძირება, მაგრამ ვინც რჩება, სწავლობს ერთმანეთის გატანით ცხოვრებას. ადამიანები გვახსენებენ, ვინ ვართ ჩვენ. თუ არავინ გვიყვარს, თუ ჩვენ ირგვლივ ხალხი არ არის, საკუთარ იდენტობას ვკარგავთ.

რომანში მნიშვნელოვანია დუმილის თემაც. მწერალი თვლის, რომ დუმილით შეუძლებელია გადარჩენა. საუბარი, თხრობა გადარჩენის აუცილებელი პირობაა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი დიდხანს დუმს, უარს ამბობს სიტყვებზე, ბოლოს მაინც ნებდება, რადგან ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის არიან შექმნილნი.

ჩაკეტილ სივრცეში მოქცეული, გადარჩენისთვის მებრძოლი ადამიანები ხედავენ, როგორ ხვავდება თოვლი მათ გარშემო, როგორ აწვება და ამძიმებს ხეებს, ელექტროგაყვანილობის სადენებს, ბოძებს. თოვლს დამორჩილებული სახლების სახურავებს ჩანგრევით ემუქრება. მაგრამ თოვლი მხოლოდ სივრცეს კი არა, ადამიანთა პატარა ცხოვრებასაც აწვება. ჩაკეტილი სივრცე და გამოუვალი მდგომარეობა, სადაც მხოლოდ ლოდინია შესაძლებელი, ამძიმებს და ფსიქოლოგიურად თრგუნავს ადამიანებს.

რომანში სხვა თემებიც იკვეთება — სიყვარული, სისასტიკე, სიკეთე, უსუსურობა და სხვ., რომელთაც ახალგაზრდა ავტორი თავისებურად ავითარებს და შესაბამისად სახასიათო პერსონაჟებს ქმნის.

შთამბეჭდავია ახალგაზრდა მამაკაცის განცდები, რომელიც ათი წლის შემდეგ სოფელში მამის სანახავად ბრუნდება  მამის, რომლისთვისაც წასვლის დღიდან თავისი ამბავი არ გაუგებინებია. ის პირველ პირში და აწმყოში ჰყვება თავის ამბავს, თუმცა მწერალი მას უსახელოდ ტოვებს.


არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე პროტაგონისტი  ხანში შესული, უხეში და ჭირვეული მამაკაცი, რომელიც ყველა გზას მიმართავს, ტყუილსაც კი, ქურდობასაც კი შეეცდება, რომ რაც შეიძლება მალე გააღწიოს აქედან და ქალაქის საავადმყოფოში მწოლიარე ავადმყოფ ცოლს ცოცხალს ჩაუსწროს.  „ორმოცდაათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და არასდროს მომბეზრებია მისი სილამაზე, ხიბლი, სინაზე, — ამბობს ის, — [...] ჩემს ასაკში, როცა დრო თავზე საყრელად გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბევრი აღარ დაგრჩა“.


ეს ორი მთავარი პერსონაჟი უნებურად ბუნების და ერთმანეთის ტყვეები ხდებიან. ავტოავარიაში მძიმედ დაშავებულ ახალგაზრდა კაცს, სოფლის მცხოვრებლები ჭარმაგ მოხუცს, მატიასს ანდობენ, რომელმაც ქალაქის განაპირას, მიტოვებულ სახლში დაიდო ბინა. ახალგაზრდის მოვლის სანაცვლოდ მატიასს ჰპირდებიან, რომ რეგულარულად მიაწვდიან შეშას და საკვების რაციონებს ადგილობრივი რესურსების განაწილების სისტემით — სისტემით, რომელიც სინამდვილეში ნებისმიერ წამს შეიძლება დაიშალოს.

რომანში დროდადრო სხვა პერსონაჟიც ჩნდებიან და ქრებიან. მთავარ სიუჟეტს სოფლის დრამატული მოვლენები და სოციალური დაშლის მიმანიშნებელი ელემენტები ავსებს.

მთელი ტექსტი მოკლე თავებად არის დაყოფილი, რაც მას დინამიკურს ხდის. ამიტომ გატაცებით იკითხება ის, რაც სხვაგვარად შეიძლებოდა მძიმე წასაკითხი ყოფილიყო. თხრობას რიტმს აძლევს თავების ნომრები, რომლებიც თოვლის საფარის სიმაღლეს ასახავენ და თავის დასაწყისშივე ქმნიან დაძაბულობას, მუდმივად გვახსენებს საფრთხეს - თოვლი მატულობს, სივრცე ვიწროვდება. 

ოღონდ ამ რომანში თოვლი აღარ არის უბრალოდ კლიმატური მოვლენა. იგი ტექსტის ენადაა ქცეული — ფენებად დაგროვილ დუმილად, რომელიც ფარავს სიტყვებს, სახლებს, ადამიანებს. ბუნება ამოწმებს ადამიანის გამძლეობას. და სწორედ ამ დუმილში, ამ გაყინულ სივრცეში, ადამიანის ხმა, თუნდაც ჩახშული და დაგვიანებული, ყველაზე მკაფიოდ ისმის. 

სწორედ ამიტომ უწოდა ერთ-ერთმა კვებეკურმა ჟურნალმა „თოვლის ტყვეებს“ ჩრდილოეთის ჰიმნი.